ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ალექსანდრე ყაზბეგი
სწავლის პერიოდი
18 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გაემგზავრება. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. სწავლას შეუდგა მთელი მონდომებით. „ქვეყანაზედ აღარაფერზედ, ვფიქრობ, გარდა ჩემს სწავლაზედ“,- წერდა იგი დედას. სასწავლებელი მომავალი მწერლის მისწრაფებას მაინც და მაინც ვერ აკმაყოფილებდა.სწორედ ამის გამო პეტერბურგს გამგზავრებულა სხვა სასწავლებელში შესასვლელად, მაგრამ ვერ მოუხერხებია სურვილის განხორციელება და ისევ უკან დაბრუნებულა.
„პეტერგოფი არის ერთი ისეთი ქალაქი, რომელშიაც კაცი გაშტერებას მიეცემა ხელოვნებაზედ…“ - აღფრთოვანებას ვერ ფარავს ახალგაზრდა ალექსანდრე. სულ რამდენიმე დღე დარჩა მწერალი პეტრეს ქალაქში და საგულდაგულოდ დაათვალიერა ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი. ალექსანდრე ბრუნდება მოსკოვში და ხელმოკლედ ცხოვრობს. ფულს ვერ აწვდიდნენ ოჯახიდან, წერილებში დედა თხოვდა „ნაკლებ ხარჯვას.“ ყაზბეგი კი თავს იმართლებდა და არწმუნებდა მშობელ დედას, რომ მეტი მომჭირნეობა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო… ოცდახუთი მანეთი სადილი და ოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები, თვეში ორი მანეთი წაღებისათვის უნდა გადაიდოს, ერთი თუმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი. ეგეც ან ბულკს იყიდი, ან რძესა. აბა რაღა რჩება ერთი მითხარი?“ - ვკითხულობთ მის ერთ პირად წერილში. ალექსანდრე მოსკოვში ყოფნის დროს წერს სტუდენტების სასიმღერო ლექსს, რომლიდანაც პირდაპირ ისმის მშობლიური ქვეყნისა და ხალხისადმი თავდადებული ადამიანის ხმა.
ახალგაზრდა მწერალი დამაჯერებლად ამბობს, რომ კარგი სტუდენტი ის არის, ვინც ჩაგრულს გამოადგება, ვინცთავის მწუხარებაში სხვის წუხილსაც გაიგებს, ვინც მშრომელ გლეხში თავის ძმას დაინახავს და მასზე გულწრფელად იზრუნებს. ალექსანდრე ყაზბეგი 1870 წელს დაბრუნდა სამშობლოში ისე, რომ დასახელებული უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
სამშობლოში მობრუნებული ალექსანდრე ხალხის ყოველდღიური ყოფის ზედმიწევნით შესწავლის სურვილით მთაში წავიდა მწყემსად. მწერალმა ამ არჩევანით მამა-პაპის მიერ ნაცად გზასა და თანამდებობრივ კარიერაზე უარი თქვა.
„მე-18 წელს გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე.“ — წერდა იგი თავის „ნამწყემსურის მოგონებაში“. როგორც ცნობილია ,მისმა პირველმა ნაბიჯმა ყველა გააოცა, დაიწყო მითქმა-მოთქმა გაუთავებელი საყვედურები ახლობლებისაგან.
თავისი არჩევანით მიზანს მიაღწია, დააგროვა უამრავი მასალა მოთხრობებისათვის, ამ გზაზე მწერალმა მრავალი დაცინვა და დამცირება გადაიტანა, მაგრამ პრინციპულობა, უკომპრომისობა, ენერგიულობა გამოამჟღავნა. მთაში გატარებული შვიდი წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. მწერალს მთიელი ხალხი დაუახლოვდა, მეგობრობა და ურთიერთსიყვარული, ნდობა ერთგულება დამყარდა მათ შორის. მწერალი, სხვა მრავალთან ერთად, სიამოვნებით იგონებს მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებთან შეხვედრის ეპიზოდს.
„მე ვლაპარაკობდი ფრანცუზულს, გულმა ვეღარ გამიძლო და ამისთვის ვუპასუხე: მთაში ძალიან ბევრია ცხვარი,ხალხი თითქმის ამით ცხოვრობს, მატყლს კი აქვე ყიდულობენ სომეხი ვაჭრები“, — წერს მწერალი.
უცხოელები გაოცდნენ, უბრალოდ ჩაცმულ-დახურული მწყემსი ფრანგულად მოლაპარაკე რომ ნახეს, ალექსანდრე კი მათ არწმუნებდა, რომ აქ, მთაში ყველა მწყემსი მასზე უკეთესად ფლობდა ფრანგულსა. ბუნებრივია, ეს უწყინარი ხუმრობა თავისი ხალხის ავტორიტეტის ასამაღლებლად დასჭირდა ყაზბეგს. „თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასართობს, თუ არა სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა,“ — ასე შეაფასა მწერალმა მეცხვარეობის წლები.
ბიოგრაფთა ცნობით, ბუნებით ძალიან უბრალო ადამიანს, თავიდანვე არ აკმაყოფილებდა მამისეული აღზრდის სისტემა. ეს მწერალმა შემდეგში გამოხატა კიდეც თავის დაუმთავრებელ პიესაში „აღმზრდელები“. ანუ შეიძლება ითქვას, ალექსანდრე ყაზბეგს გადაჭარბებულად ანებივრებდნენ და სწორედ ეს გადაჭარბებულობა არ მოსწონდა მწერალს.
მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე ყაზბეგის მდგომარეობა რადიკალურად იცვლება. ალექსანდრე მიწებს გლეხებს უსასყიდლოდ ურიგებს, დარჩენილი ქონების დიდ ნაწილსაც გასცემს, რის შემდეგაც ის თითქმის უარაფროდ რჩება. მას დიდი წარმატება ელის სამხედრო სამსახურში, მაგრამ ზიზღით უარყოფს სამხედრო კარიერას, 1867 წელს დედისაგან კურთხევა იღებს და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში მიემგზავრება. იქ, სამეურნეო აკადემიაში სწავლისას, ის თარგმნის ის შექსპირსა და გრიბოედოვს, იქვე წერს პირველ პროზაულ ჩანახატებს, მაგრამ უფულობა ძალიან აბრკოლებს. ყველანაირად დადებითი პიროვნება – გარეგნობით, ნიჭით, განათლებით, ადამიანობით, ოჯახიშვილობით – პირადი ცხოვრებას მაინც ვერაფრით იწყობს.
სიყვარული და იმედგაცრუება
აქ უკვე ბიოგრაფთა აზრები იყოფა: ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ყაზბეგს ნათესავი ქალი უყვარდა, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის ამ ქალის ვინაობა. სხვა ცნობებით, ალექსანდრე ყაზბეგს ნათესავი ქალი კი არ ჰყვარებია, ნათესავ ქალს ჰყვარებია იგი. სავარაუდოდ, ეს ქალბატონი დიმიტრი ყაზბეგის და უნდა ყოფილიყო, რომლისთვისაც მწერალს უარი ნათესაობისა და საპასუხო გრძნობების უქონლობის გამო უთქვამს. ხევში, ზეპირი გადმოცემების მიხედვით, შემონახულია ერთი ამბავიც, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ყაზბეგს რუსეთში სასწავლებლად წასვლამდე ჰყვარებია გლეხის ქალი ძიძია. მის ცოლად მოყვანაზე ოჯახს უარი უთქვამს - მიზეზი ძიძიას წარმომავლობა ყოფილა. შეყვარებულ ქალს დარდისთვის ვერ გაუძლია, ჭლექით დაავადებულა და გარდაცვლილა. მისი საფლავი ხევის ერთ-ერთ სოფელში დღესაც შემონახულია.
ასევე ცნობილი იყო ალექსანდრე ყაზბეგის ერთი წერილი დედისადმი, რომელშიც მწერალი მოსკოვურ სიყვარულზე საუბრობს. თავიდან მკვლევრებს ეს წერილი ყაზბეგის ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ, მაგრამ საარქივო მასალებმა ცხადყო, რომ ალექსანდრე ყაზბეგს მოსკოვში ყოფნის პერიოდში ნამდვილად ჰყვარებია ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვა. მას ეს ქალბატონი გაუცვნია მეგობრების, დები შატიხინების ოჯახში. გრაფინიას იმდენად მოსწონებია ახალგაზრდა ქართველი მწერალი, რომ თვითონვე უთხოვია, მათთან ევლო ოჯახში. მოკლე ხანში ალექსანდრესა და ნინას იმდენად შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ დაქორწინებაც გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა ქალის მამაც.
სწორედ ამ ქორწინებაზე ესაუბრება აღნიშნულ „დაუჯერებელ“ წერილში დედას ყაზბეგი და სთხოვს ფულისა და ნივთების გაგზავნას. დედამ ყველაფერი გაუგზავნა მწერალს და ლოცვა-კურთხევაც გაატანა თან, თუმცა ქორწილი მაინც ჩაიშალა.
ალექსანდრე ყაზბეგს ნინას ოჯახში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე უსიამოვნება მოუვიდა სასიმამროს მეგობარ გენერალთან, რომელიც თავის დროზე კავკასიაში მსახურობდა. მწერალი ისე გააღიზიანა ამ ადამიანის უკულტურო, დიდმპყრობელურმა, შოვინისტურმა აზრებმა, რომ იძულებული გახდა დაეტოვებინა საცოლის ოჯახი. შეყვარებულმა ალექსანდრე ყაზბეგს სახლში მიაკითხა, შემდეგ იგივე გააკეთა სასიმამრომაც. ისინი მოითხოვდნენ მისგან ეპატიებინა რუსი გენერლისთვის და საქორწინო შეთანხმება ძალაში დარჩენილიყო. ალექსანდრე ყაზბეგს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ის კი არადა, იმ გენერლის დუელში გამოწვევასაც აპირებდა. ეს გადაწყვეტილება მანამდე დარჩა ძალაში, სანამ გენერალმა ბოდიში წერილობით არ მოიხადა ქართველი მწერლის წინაშე.
აღარც დუელი შედგა და არც ყაზბეგის ქორწინება ნინასთან. ეს იყო ალექსანდრე ყაზბეგის ყველაზე დიდი ტრაგედია. ის თავგანწირული ებრძოდა თავს, რომ როგორმე ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვა დაევიწყებინა.
მეცხვარეობის დროს
1870 წლის ნოემბერში სასოწარკვეთილი და განადგურებული მწერალი სამშობლოში ბრუნდება და მალევე მიდის ცხვარში. „გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე“ („ნამწყემსარის მოგონებანი“).
მწყემსობის შემდეგ ყაზბეგი თბილისში დასახლდა, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი ბინა. ხან სასტუმროში იყო, ხან რომელიმე ორგანიზაციაში სამადლოდ გამოყოფილ ოთახში. იმ დროს თეატრის დასს აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდა. მან გამოიტყუა სასტუმროს ნომერში გამოკეტილი ყაზბეგი გარეთ და ქართული თეატრის სცენაზე აიყვნა. ბევრი როლი დაისწავლა ყაზბეგმა, მაგრამ კარგად მხოლოდ ერთ პიესაში ასრულებდა გენერლის როლს. როცა თეატრს საქმე ცუდად წაუვიდა, აკაკიმ ”დროებაში” გადაიყვანა და სერგეი მესხს მიაბარა, ბინაც რედაქციის შენობაში მიუჩინეს. მწერალს ერთი პუბლიცისტური ბარათი აქვს ამის შესახებ: „საკვირველს ბედზედ ვარ გაჩენილი”. დიდ ფუფუნებაში გაზრდილს ხელში მას არაფერი შერჩა. შემოქმედებასაც კი უწუნებდნენ; „ქართული დასისთვის“ წარდგენილი 21 პიესა გაუცამტვერეს, მაშინ როდესაც პარალელურად, რამდენიმე მათგანი ტრიუმფით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ბოლოს კი საკუთარი თხზულებების მოპარვაშიც კი დასდეს ბრალი.
მწერალმა 1880 წელს მოთხრობა „ციცკა“ გამოაქვეყნა. ერთ წლის შემდეგ „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“. „ელგუჯას“ მოჰყვა „მამის მკვლელი“, „ელისო“, „ნამწყემსარის მოგონებანი“, „ციკო“, „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვები. ყაზბეგი იყო ალბათ ერთადერთი მწერალი, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ქართველი ხალხის ტრაგიკული მდგომარეობა მოურიდებლად და პირდაპირ გამოხატა თავის ნაწარმოებებში. ეს ცენზურამაც შეამჩნია და 1884 წელს წიგნად გამოცემული „ელგუჯას“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს. ალექსანდრე ყაზბეგის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები „მოძღვარი“ 1885 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), ხოლო თეატრალური – „მოხევე.“
ბოლო წლები
ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე ყოფა. ბავშვობიდან გამოყოლილ ახირებულ ხასიათს ფსიქიკური აშლილობაც დაერთო. ბიოგრაფთა ცნობით, მას ერთხელ საგვარეულო სახარება და დედის ქირმანის შალი 15 მანეთად გაუყიდია, ფული მოუგროვებია, ბათუმში წასულა და იქიდან მაიმუნი ჟაკო ჩამოუყვანია. ბოლოს მაინც ისეთ გაჭირვებაში ჩავარდნილა, რომ საყვარელი ჟაკო თუმნად გაუსხვისებია. 1886 წელს ალექსანდრე ყაზბეგს ცხადად დაეწყო ფსიქიკის რღვევა. ყველასაგან გარიყული მხოლოდ მოთხრობების წერით ირთობდა თავს. პროგრესული დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და იქვე გარდაიცვალა.
1893 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის ცხედარი თბილისიდან ხევს წაასვენეს, ხოლო 22 დეკემბერს სოფელ სტეფანწმინდაში მიაბარეს მშობლიურ მიწას. „სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?“ – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი.
დიდი მწერლის ლექსების პატარა კრებული „ალ. ყაზბეგის დაუბეჭდავი ლექსები“ 1910 წელს დაბეჭდა გამომცემელმა გრიგოლ ჩარკვიანმა და დაურთო წინასიტყვაობა: „ეს ლექსები გადმომცა მე ალ. ყაზბეგმა 1889 წელსა. იმ დროს მე მქონდა წიგნის მაღაზია სემინარიის პირდაპირ. მთხოვა, რომ გამომეცა, მაგრამ დროთა ვითარების გამო ვერ გამოვეცი. და რადგან არ გვინდა, რომ დაიკარგოს და უსარგებლოდ ჩაიაროს მის შრომამ, ამისთვის განვიზრახეთ და გემოვეცით ცალკე წიგნად. სხვათა შორის განსვენებულს ვეღარ უჭრიდა თვალთ და მის ნაკარნახით დამაწერინა „ანდერძი“, რომლის დედანზეც უწერია ხელი“.
შემოქმედება
პირველი ნაწარმოებები
პირველი ნაწარმოები, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო მოთხრობა „ელისო“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, ცოტა ხნის შემდეგ – „მამის მკვლელი“, „ნამწყემსარის მოგონებანი“... ყაზბეგის ყოველი ნაწარმოების გამოსვლას ხალხი უდიდესი აღტაცებით ხვდებოდა, თუმცა კრიტიკოსებთანაც ჰქონდა ხშირი შეხლა–შემოხლა. ალექსანდრე ყაზბეგის შესანიშნავი ნაწარმოებების უმრავლესობა რუსთა ბატონობის წინააღმდეგ ქართველი და კავკასიელი ხალხების ბრძოლას ეძღვნებოდა. მტერთაგან გათავისუფლებული სამშობლო ყაზბეგს სამოთხედ ესახებოდა. რუსების მეხოტბე დაქირავებულ კრიტიკოსთა უსაფუძვლო თავდასხმებიც ყაზბეგის ეროვნული სულისკვეთების წინააღმდეგი იყო მიმართული და ჩვენი დიდი ბელეტრისტის შემოქმედების განქიქებას ემსახურებოდა. ისევე როგორც ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა და ბევრმა სხვამ, ალექსანდრე ყაზბეგმაც გაიზიარა პრიორიტეტულად განწყობილი მწერლის მძიმე ხვედრი დაპყრობილ ქვეყანაში.
ალექსანდრე ყაზბეგი „დროების“ რედაქციაში თავგამოდებით მუშაობდა. ღამეებს ტეხდა, სტატიებს ჩაჰკირკიტებდა. სერგეი მესხის გარდაცვალების შემდეგ კი ამ გაზეთს ჩამოშორდა. ახლა მისი ნაწერები უფრო ხშირად „ივერიასა“ და გაზეთ „თეატრში“ ქვეყნდებოდა. გაზეთი „თეატრი“ აქვეყნებდა მის მიერ ხევში ჩაწერილ ხალხურ ქმნილებებსაც.
პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) და სხვა. 1886—1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.
ალექსანდრე ყაზბეგი განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ქართული თეატრის მიმართ. აკაკი წერეთლის მიწვევით 80–იან წლებში იგი ქართული თეატარის დასის წევრი გახდა. მაყურებელი აღტაცებაში მოუყვანიამის მიერ შესრულებულ ცეკვას „ხანჯლური“... ხშირად იღებდა მონაწილეობას ქუთაისში, ბათუმში, გორში გამართულ თეატრალურ წარმოდგენებში. 1883 წელს გამოქვეყნდა მისი „მოძღვარი“. მომდევნო წლები კი თიქმის მთლიანად თეატრს მიუძღვნა.
გამუდმებულმა შრომამ, სიღატაკემ და შევიწროვებამ მალე გატეხა მწერლის ჯანმრთელობა. აკაკი წეთელი იხსენებდა, როგორ მიჰყიდა უსახსროდ დარჩენილმა ყაზბეგმა საგვარეულო სახარება „წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, როგორ გაჰყიდა დედის დანატოვარი ძვირფასი ქირმანშალი, სულ რაღაც 15 მანეთად. ნაწერი რვეულიც დაუგირავებია, ხშირად ბინის ქირის ფული არა ჰქონდა.
თეატრი, მსახიობობა და დრამატურგია
ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (ორიგინალური პიესები – „ერთი უბედურთაგანი“, 1879, დაიდგა 1880; „არსენა“, დაიდგა 1882; „წამება ქეთევან დედოფლისა“, დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული – „დილა ქორწილის შემდეგ“, 1882; „ცხოვრების თანამგზავრი“, 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). თუმცა მის მსახიობობას დადებითად თითქმის არავინ აფასებდა. ამის შემხედვარე ყაზბეგი სცენას არ ჩამოშორებია, პირიქით – ომი გამოუცხადა რეცენზენტებს. დაიწყო თეატრის ისტორიაში გაუგონარი ომი. წესად იყო, რეცენზენტს რაც არ უნდა ელანძღა არტისტი, არტისტები პასუხს არ სცემდნენ კრიტიკოსს. ყაზბეგმა დაარღვია ეს წესი და რეცენზენტებს იმავე ეპითეტებით უმასპინძლდებოდა: „ჩმახავთ, ენა წაგიგრძელებიათო“.
ამ იერიშმა რეცენზენტები გააერთიანა მის წინააღმდეგ. რეცენზენტები კრიტიკას აღარ დასჯერდნენ და ცილისწამებაზე გადავიდნენ: ლადო მესხიშვილი და ყაზბეგი ფოთში კონცერტის მოსაწყობად ჩავიდნენ, შემდეგ ფოთელების თხოვნით, კონცერტი გადადეს და სპექტაკლის დადგმა დაიწყეს, გაზეთმა „შრომამ“ კი ყაზბეგს გაყიდული ბილეთების ფულის შეჭმა დააბრალა. „შრომას“ მალე მოუწია იმის აღიარება, რომ ეს ჭორი იყო. ყაზბეგმაც ბოლომდე სდია შეურაცხმყოფელს, მაგრამ… ყაზბეგმა პირობა შეასრულა, კონცერტის ნაცვლად ფოთში „სამშობლო“ ითამაშეს, ცრემლიც ადინეს ფოთელებს, მაგრამ „შრომას“ კრინტი არ დაუძრავს ამ ფაქტზე. მათ ჭორები და ყაზბეგის სულის მოწამვლა ჰქონდათ მიზნად.
ბათუმში მყოფმა ყაზბეგმა შეიტყო, რომ ერთი პირი „დროებაში“ წერილის დაბეჭდვას აპირებდა „სამშობლოს“ უხეირო თამაშობაზე, და მის წინააღმდეგ პირდაპირ სცენიდან გაილაშქრა – როლში თავისი სიტყვები ჩაამატა: „ეხლა რაღა მიჭირს, კორესპონდენტიც ვარ, ადვოკატიც ვარ, აქაური კორესპონდენტებივით ქუჩიდან მოვხვეტ ჭორებს, ვისაც მინდა და რამდენსაც მინდა, ვაგინებ, ვლანძღავ, რა მენაღვლება, ამისთვის ხომ ვიღებ ბლომად ფულებსა“.
ამ ინციდენტის შესახებ ერთი პოლემიკა ატყდა „დროებაში“ ყაზბეგსა და ჟურნალისტ დავით სოსლანს (კეზელს) შორის. სოსლანს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, საშინელების მეტს არაფერს წერდა ყაზბეგზე.
ერთი რეცენზენტი ისე გათავხედდა, პრესით ითხოვდა, როცა მოხევე სცენაზე გამოვა, მკვდარი კატები დავუშინოთო. ეს იდეა ილია ხონელმა დაიწუნა, რას ვერჩით კატებს, მოხევის გამო მთელი თბილისის კატების გაწყვეტა მოგვიწევსო. თან „ებრალებოდა“ ყაზბეგი: „გვეცოდება თვით ბ-ნი მოხევე, უკანასკნელის ჭაპან-წყვეტა ამ საქმეში, რომელიც მას არ შეჰფერის და რომლისთვისაც მას ნიჭი არ აქვს“. ყაზბეგს ივანე მაჩაბელი გამოესარჩლა და ხონელი იძულებული გახდა, „ივერია“ მიეტოვებინა.
ყაზბეგი სცენაზე მოხევის ფსევდონიმით კი გამოდიოდა, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს მოხევე „ელგუჯას“, „მამის მკვლელის“, „ელისოსა“ და სხვა შედევრების ავტორი ყაზბეგი იყო, მაგრამ იცავდა კი ვინმე გენიალურ ბელეტრისტს რეცენზენტების შეურაცხყოფისგან? რატომ არ დაიცვეს? ალბათ, იმიტომ რომ ამ იერიშების მერე ყაზბეგს ისე დაუკარგეს წონასწორობა, რომ მისი ნიჭი არათუ ერთ ადგილზე გაიყინა, საერთოდ, დაბლა-დაბლა დაეშვა. ყაზბეგმა ვერ გაუძლო თავსდატეხილ უბედურებას, ეს კაკაფონია მის მგრძნობიარე სულს აფორიაქებდა. მაყურებელს კი სულაც არ აინტერესებდა, რა განწყობით გამოდიოდა ის სცენაზე… მას სრულფასოვანი თამაშის ნახვა ეწადა…
დევერტისმენტში მოხევე გამოდიოდა, როგორც დეკლამატორი და მოცეკვავე. მნახველს ატყვევებდა მისი ნაცეკვი ქართული, ჩაჩნური, ლეკური, ცეკვა ხანჯლებით. როცა ის ცეკვავდა, ტაშის გრიალისგან დარბაზი ზანზარებდა. მტრებიც კი დუმდნენ, ხალხის ფეხის ხმას ყვებოდნენ იმის საილუსტრაციოდ: აი, ობიექტურები ვართ, კარგად ცეკვავს და მოგვწონს, არტისტად არ ვარგა და მზად ვართ, მკვდარი კატები ვესროლოთო. მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ ყაზბეგი განსაცვიფრებლად ცეკვავდა, მაგრამ რეცენზენტები აქაც დაუკრეფავში გადადიოდნენ. 1886 წელს ერთ-ერთმა რეცენზენტმა მის ცეკვას ტლინკაობა უწოდა…
უცნობია, როგორი არტისტი იყო ყაზბეგი, მაგრამ ვიცით, როგორი მწერალიცაა, ის ორღობის კრიტიკოს-რეცენზენტები კი მის შედევრულ მოთხრობებსა და რომანებსაც კენწლავდნენ. სავარაუდოა, რომ ისინი ტენდენციურები იყვნენ და პირადი მტრობა აკავშირებდათ ყაზბეგთან, რომელმაც გაბედა და მათ უვიცები უწოდა.
კრიტიკოსებმა მიზანს მიაღწიეს, ყაზბეგი სიცოცხლეშივე დასცეს, დააძაბუნეს. სილამაზით, დახვეწილი მანერებითა და სისუფთავით განთქმული ყაზბეგი, სასცენო დებიუტიდან რამდენიმე წლის შემდეგ გატეხილი, გაუბედურებული, დაფლეთილი ჩოხით დაიარებოდა, მეგობრებს ჩამოშორდა, განმარტოვდა. კრიტიკოსებმა გაიმარჯვეს, ყაზბეგმა სცენა დატოვა, მართლაც, როგორც სუსტმა მსახიობმა…
სტილი და მიმდინარეობა
ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა „ელგუჯასა“ და „მამის მკვლელში“, „მოძღვარსა“ და „ხევისბერი გოჩაში“. მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).
ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა „ელისო“, რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.
იხ.ვიდეო ალექსანდრე ყაზებგი (ფსიქოლოგიური პორტრეტი)
Комментариев нет:
Отправить комментарий