среда, 29 сентября 2021 г.

ემილ ადოლფ ბერინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ემილ ადოლფ ბერინგი

 (გერმ. Emil Adolf von Behring; დ. 15 მარტი1854, ჰანსდორფი, პრუსია, ახლანდ. სოფ. ლავიცე, პოლონეთი, — გ. 31 მარტი1917, მარბურგი, გერმანია) — გერმანელი ბაქტერიოლოგი, იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სეროთერაპიის დარგში გაწეული სამუშაოსთვის 1901 წელს, პირველად ისტორიაში, მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. ბერინგის მიერ აღმოჩენილმა პასიურმა იმუნიზაციამ დიდი გავლენა იქონია სეროთერაპიის განვითარებაზე.

სამედიცინო განათლება მიიღო ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის სამხედრო აკადემიაში (დაამთავრა 1878 წელს). პრუსიის სამეფოს სამხედრო-სამედიცინო კორპუსში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ, 1889 წლიდან მუშაობდა ასისტენტად რობერტ კოხთან ბერლინის ჰიგიენის, შემდეგ კი ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში. აქ იაპონელ ბაქტერიოლოგ კიტასატო შიბასაბუროსთან ერთად აღმოაჩინა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის მოქმედება (შრატს მათ „ანტიტოქსინი“ უწოდეს) და მისი ანალოგიით მიიღო ანტიდიფთერიული შრატი, რომელიც საბოლოოდ პაულ ერლიხთან ერთად განავითარა. შემდგომში ორ მეცნიერს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1892 წლიდან ანტიდიფთერიული შრატის წარმოება დაიწყო და დიფთერიის სტანდარტული მკურნალობის ნაწილი გახდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამავე წელს ბერინგმა გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „სისხლის შრატით მკურნალობის პრაქტიკული ამოცანები“ (გერმ. Die praktischen Ziele der Blutserumtherapie).

იხ. ვიდეო 



1893 წელს ბერინგი პროფესორად აირჩიეს. 1894 წელს ლექციებს კითხულობდა ჰალეში1895 წლიდან კი მუშაობდა მარბურგში მის მიერვე დაარსებულ ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში ბერინგი ფინანსურად იყო დაკავშირებული ქიმიური საღებავების მწარმოებელ ფირმა Farbwerke Meister, Lucius und Brüning-თან (ჰიოხსტი, ახლანდ. მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი რაიონი), რომელიც შემდგომში ფარმაცევტულ კომპანიად გარდაიქმნა. ფირმამ მეცნიერს საკუთარი ლაბორატორიები დაუთმო კვლევებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ტუბერკულოზსაც ეხებოდა. 1901 წელს სეროთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია. ამგვარად, ბერინგი გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ამჯერად ნობელის პრემიის გარეშე დარჩა პაულ ერლიხი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ანტიდიფთერიული შრატის შექმნაში (ერლიხმა ნობელის პრემია 1908 წელს მიიღო). ბერინგის ნობელის მედალი ამჟამად ჟენევაშიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუზეუმში ინახება.

ბერინგი არჩეული იყო იტალიის, ოსმალეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრად. მიღებული ჰქონდა გერმანიის, საფრანგეთის, ოსმალეთისა და რუმინეთის სახელმწიფო ჯილდოები. 1901 წელს გერმანიის მთავრობის მიერ აყვანილი იქნა არისტოკრატულ რანგში (გვარზე „ფონ“ ნაწილაკის დამატების უფლებით), 1903 წელს კი დაინიშნა გერმანიის იმპერიის საიდუმლო საბჭოს წევრად. ასევე ჰქონდა „საიდუმლო სამედიცინო მრჩევლის“ (Geheimer Medizinalrat) და მარბუგრის საპატიო მოქალაქის (Ehrenbürger) წოდებები. გარდაიცვალა 1917 წელს.

                                          

                         პაულ ერლიხი

                                                                     
(გერმ. Paul Ehrlich; დ. 14 მარტი1854, შტრელენი, პრუსია, ახლანდ. სტშელინი, პოლონეთი, — გ. 20 აგვისტო1915, ბად-ჰომბურგ-ფორ-დერ-ჰოე, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მეცნიერი, თანამედროვე ჰემატოლოგიის, იმუნოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილია სიფილისის პირველი ეფექტიანი სამკურნალო საშუალების აღმოჩენით; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ილია მეჩნიკოვთან ერთად, 1908).

ერლიხი დაიბადა ებრაელ მეწარმეთა ოჯახში 1854 წელს. 1872-1877 წლებში სამედიცინო განათლება ბრესლაუსსტრასბურგისფრაიბურგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრევე დაინტერესდა უჯრედების შეღებვის მეთოდებით, რომელიც ნათესავმა, პათოლოგმა კარლ ვაიგერტმა გაააცნო. სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ საღებავების მიერ უჯრედის შეღებვა უჯრედს შიგნით მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციის შედეგი იყო და იმავე პრინციპით შეიძლებოდა სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას დაავადებულ უჯრედზე ზემოქმედება მოეხდინა. 1878 წელს ექიმად მუშაობა ბერლინში, შარიტეს ჰოსპიტალში დაიწყო. აქ მან შეიმუშავა ტუბერკულოზის ბაცილის ქიმიური შეღებვის მეთოდი. მან ასევე აღწერა სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპი და ამით თანამედროვე ჰემატოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ბიოლოგიური ქსოვილების შეღებვის ახალი მეთოდების ძიების პროცესში ერლიხმა დაასკვნა, რომ მეთილენის ლურჯის გამოყენება შესაძლებელი იყო ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მან ასევე შეიმუშავა ტიფით დაავადებულ პაციენტებში შარდის სპეციფიკური ანალიზის მეთოდი, მუშაობდა ცხელების საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალების შექმნაზე და თვალის დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. 1885 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ერლიხმა აღწერა მისი დაკვირვება, რომ სხვადახვა ქსოვილი ჟანგბადს სხვადასხვა მოცულობით მოიხმარს და ეს განსხვავება უჯრედის სასიცოცხლო პროცესის ცხოველმყოფელობის მახასიათებელია.

ტუბერკულოზით დაავადებული ერლიხი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა და ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. 1889 წელს, ბერლინში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა პატარა კერძო ლაბორატორიაში განაგრძო, შემდეგ კი რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტს შეუერთდა და იმუნიტეტის პრობლემებს მიაპყრო ყურადღება. იმუნოლოგიური ფენომენების ასახსნელად ე. წ. გვერდითი ჯაჭვების თეორია შექმნა, რომელიც აღწერდა იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნივთიერებების, ანტისხეულების ურთიერთქმედებას სხვა ნივთიერებებთან. კოლეგებს ერლიხმა მისი ჰიპოთეზა 1900 წელს სამეფო საზოგადოების სხდომაზე წარუდგინა. ამ თეორიამ, მიუხედავად მისი ბევრი შემადგენლის მცდარობისა, დიდი გავლენა იქონია ერლიხის შემდგომდროინდელ მოღვაწეობასა და მის მემკვიდრეებზე. ერლიხის მიერ იმუნოლოგიაში წარმოებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი 1890 წელს ემილ ბერინგს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ერლიხის მეთოდოლოგიით დიფტერიის საწინააღმდეგო ეფექტიანი შრატის შექმნა შეძლო. 1892 წელს ერლიხმა ასევე დაადასტურა, რომ ანტისხეულები დედის რძით ახალშობილს გადაეცემოდა.

1896 წელს ერლიხი ბერლინის შრატის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელად, 1899 წელს კი ფრანკფურტის ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ამ დაწესებულებებში ერლიხს საკუთარი გამოკვლევებისთვის შეუზღუდავი პირობები მიეცა, თუმცა ბერინგი ცდილობდა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ იმუნოლოგიასა და სეროთერაპიაში ემუშავა. ამან ორ მეცნიერს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ დროისათვის ერლიხი დარწმუნდა, რომ სეროთერაპიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და არაეფექტიანი იყო არაბაქტერიული, მაგალითად, პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ. ერლიხმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო ისეთი ნივთიერებების გამოვლენისა და სინთეზის მიზნით, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად მასპინძელი ორგანიზმის დაზიანების გარეშე. ამით მან თანამედროვე ქიმიოთერაპიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ქვანახშირის ფისის პრეპარატების შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ერლიხმა თავისი მცდელობები სიფილისის გამომწვევზე — მკრთალ ტრეპონემაზე განაგრძო. თავისი გამოკვლევებისთვის ერლიხმა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიიზიდა და მის გარშემო თანამშრომელთა კომპეტენტური გუნდი შემოიკრიბა. მათ შორის იყო იაპონელი ჰატა საჰაჩირო, რომელმაც სამუშაოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 1909 წელს მან ერლიხის ხელმძღვანელობით ალფრედ ბერთჰაიმის მიერ შექმნილი დარიშხანის შემცველი ნივთიერება „606“-ის (შემდგომში — სალვარსანი, არსფენამინი) ანტისიფილისური თვისებები აღმოაჩინა. ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოცდის შემდეგ, 1910 წელს კომპანია Farbwerke-Hoechst-თან თანამშრომლობით ერლიხმა პრეპარატის 65 000 ერთეული უფასოდ გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებს. წარმატებამ ერლიხს ბევრი მოშურნე და ცილისმწამებელი შესძინა. მომდევნო წლებში მიმდინარე „სალვარსანის ომმა“, რომლის დროსაც ერლიხს პირადი გამორჩენის მიზნით პრეპარატის არაკეთილსინდისიერ გავრცელებაშიც კი ადანაშაულებდნენ, მეცნიერის ჯანმრთელობას დაღი დაასვა. ის ინსულტით გარდაიცვალა 1915 წელს, 61 წლის ასაკში.

ერლიხი ბევრი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი იყო. 1908 წელს მან იმუნოლოგიის კიდევ ერთ პიონერთან, ილია მეჩნიკოვთან ერთად ნობელის პრემია მიიღო. პრუსიის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო მრჩევლის“ უმაღლესი სამოქალაქო საპატიო წოდება. ერლიხი იყო ოქსფორდისჩიკაგოსა და ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე და სხვ.



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...