воскресенье, 1 мая 2022 г.

M270 (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

  M270 (ზალპური ცეცხლის რეაქტიული                                სისტემა)

M270 რაკეტის გაშვების მომენტში
ტიპი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
წარმომავლობის ქვეყანა აშშ
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 31 მარტი, 1983 — დღემდე
ომები და კონფლიქტები სპარსეთის ყურის ომი
ავღანეთის ომი
ერაყის ომი
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Vought Corporation
შექმნის თარიღი 1977
მწარმოებელი Lockheed Martin, Diehl BGT Defence, Aérospatiale
ეგზემპლარის ღირებულება $2,3 მილიონი
წარმოების პერიოდი 1980–2003
ვარიანტები M270A1 და M270B1
მახასიათებლები
წონა 24 756 კგ
სიგრძე 6,86 მ
სიგანე 2,97 მ
გათვლა / ჯგუფეული 3
კალიბრი 227 მმ
610 მმ (ATACMS)
სროლის ტემპი ~12-18
მაქსიმალური მანძილი M26: 32 კმ
M26A1/A2: 45 კმ
M30/31: 70 კმ
ATACMS: 165 კმ ან 300 კმ
 (ინგლ. M270 Multiple Launch Rocket System ან M270 MLRS) — შეჯავშნული, თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა.

M270-ს პირველი სისტემები აშშ-ის არმიამ 1983 წელს მიიღო. მას შემდეგ ისინი ნატოს არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა. დღემდე ამერიკასა და ევროპაში წარმოებულია დაახლოებით 1300 ერთეული სისტემა და მისთვის განკუთვნილი 700 000-ზე მეტი რაკეტა. სისტემების წარმოება 2003 წელს დასრულდა, როცა ბოლო პარტია ეგვიპტის არმიამ მიიღო.
იხ. ვიდეო -  M-270 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Multiple Launch Rocket System

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირს ამერიკის და ნატოს ძალებთან შედარებით, სარაკეტო არტილერიაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. საბჭოთა ტაქტიკით მიღებული იყო მასიური დაბომბვა სატვირთო მანქანებზე დამაგრებული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, როგორიცაა БМ-21, რის შედეგადაც ხდებოდა სამიზნე რაიონის სატურაცია ათასობით რაკეტით. რაკეტების ნაწილი აუცილებლად ხვდებოდა კონკრეტულ სამიზნეებს, რასაც თან ახლდა ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი. ამისგან განსხვავებით, შედარებით მეტი სიზუსტისა და საბრძოლო მასალის დაზოგვის მიზნით ამერიკელი არტილერისტები უპირატესობას ლულიან არტილერიას ანიჭებდნენ, რის გამოც მათი სარაკეტო არტილერიის უდიდესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, მოძველებული ტექნიკა იყო.

ამ დამოკიდებულების შეცვლა 1973 წლიდან, იომ-ქიფურის ომის შემდეგ დაიწყო. ამ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დანაკარგებს ზურგის შეიარაღებაში, როგორიც იყო მიწა-ჰაერი ტიპის დანადგარები, რაც შედეგი იყო ისრაელის ეფექტური ტაქტიკისა, დაემუშავებინა მათი განლაგების ადგილები ზალპური ცეცხლის სისტემებით. ამასთან ერთად, ამერიკის არმიის მესვეურები მიხვდნენ, რომ ევროპაში ომის შემთხვევაში მსგავსი რამ დიდი მასშტაბებით განმეორდებოდა, რის გამოც 1974 წლის მარტში გაახმაურეს მოთხოვნა ახალი სარაკეტო დანადგარის შესახებ, სახელწოდებით „საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემა“ (General Support Rocket System, GSRS). მისი გამოყენება განსაზღვრული იყო მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ელემენტების გასანადგურებლად და ანტისაარტილერიო ცეცხლისათვის, რაც ლულიან საარტილერიო ქვედანაყოფებს გამოათავისუფლებდა სახმელეთო ძალებისთვის ახლო საცეცხლე მხარდაჭერის გასაწევად. აღნიშნულზე კონსულტაციები გაიმართა ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთანსაფრანგეთთან და დასავლეთ გერმანიასთან, რომლებიც უკვე დამოუკიდებლად მუშაობდნენ მსგავსი სისტემის შექმნაზე. შედეგად, ამერიკული დასახელება „საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემა“ (GSRS) შეიცვალა და მიღებული იქნა ევროპული ვარიანტი Multiple Launch Rocket System (MLRS), რომლის ქართული შესატყვისია „ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა“.

სისტემის შექმნაზე მუშაობა 1977 წლის სექტემბერში Boeing-მა და Vought Aerospace-მა დაიწყო, ხოლო პირველი მოდელები 1982 წლის აგვისტოში გამოუშვეს. 1983 წლის მარტში ჩამოყალიბდა M270-ების პირველი ბატარეა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში დანადგარები დასავლეთ გერმანიას გაეგზავნა. თავდაპირველად, ბატარეა სამი ოცეულისგან შედგებოდა, თითოეულ ოცეულში კი სამი გამშვები დანადგარი იყო; 1987 წლისთვის 25 ასეთი ბატარეა არსებობდა. 1990-იანი წლებიდან ბატარეაში დანადგარების რაოდენობა 6-მდე შემცირდა.

მიმოხილვა

„საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემის“ (GSRS) კონცეფციაზე დაყრდნობით MLRS ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, დასავლეთ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. M270-ის სისტემის სრული დასახელებაა „თვითმავალი დამტენი/გამშვები“ (M270 MLRS Self-Propelled Loader/Launcher, SPLL). SPLL შედგება რამდენიმე ძირითადი ქვესისტემისგან: M269 დამტენ-გამშვები მოდული (Loader Launcher Module, LLM), ასევე, მოიცავს ცეცხლის მართვის სისტემასაც. იგი შეწყვილებულია M993 მარკის სატრანსპორტო სისტემასთან, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანის შასიზე.

M270-ებისთვის ცივი ომის დროინდელი ტაქტიკა ითვალისწინებდა მათ გაფანტვას ინდივიდუალურ ლოდინის პოზიციებზე და შენიღბვას ცეცხლის მოთხოვნამდე, რა დროსაც ისინი გადაადგილდებოდნენ საცეცხლე პოზიციაზე, გაუშვებდნენ რაკეტებს, დაუყოვნებლივ გადავიდოდნენ დამტენ პუნქტზე, შევსების შემდეგ კი გადავიდოდნენ სრულიად ახალ შენიღბულ პოზიციაზე სხვა საცეცხლე პოზიციის სიახლოვეს. ამ „გაისროლე-გაიქეცი“ („shoot-and-scoot“) ტაქტიკის მიზანი საბჭოთა ანტისაარტილერიო ცეცხლის თავიდან აცილება იყო. ერთი M270 12 ერთეული M26 კლასტერული საარტილერიო რაკეტის გასროლით სამიზნე რაიონში 7,728 მცირე ზომის ბომბს ყრიდა, ხოლო ერთ ბატარეას, რომელსაც 108 რაკეტის გაშვება შეეძლო, იმდენივე საცეცხლე ძალა გააჩნდა, რამდენიც ლულიანი არტილერიის 33 ბატალიონს.

სისტემას შეუძლია MGM-140 საარმიო ტაქტიკური რაკეტის (Army Tactical Missile System, ATACMS) გაშვებაც, რომლებიც იმავე გამშვებ პაკეტში თავსდება. ერთ გამშვებ პაკეტში შესაძლებელია 6 სტანდარტული (227 მმ) რაკეტის ან ერთი მართვადი საარმიო ტაქტიკური რაკეტის (610 მმ) განთავსება; მათი შერევა შეუძლებელია. დამტენ-გამშვები მოდული ორი პაკეტისგან შედგება, რომლებიც ხელით, ინტეგრირებული ჯალამბრის საშუალებით იტენება. 12 რაკეტის ან 2 ATACMS-ის გაშვება სისტემას ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. ერთი ზალპი, როგორც წესი, სამი დანადგარიდან იწარმოებოდა, რომელთაგან თითოეული 12 სტანდარტულ რაკეტას უშვებდა. თითოეული რაკეტა 644 ერთეულ ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებულ კონვენციურ საბრძოლო მასალას, კონკრეტულად, M77 ტიპის ბომბებს შეიცავდა, რაც, საერთო ჯამში, სამიზნე რაიონში 23,184 მსგავსი ბომბის ჩამოგდებას იწვევდა. 12 ერთეული 227 მმ-იანი კლასტერული რაკეტის გაშვებით ერთი სისტემა სრულად ფარავს 1 კვადრატულ კილომეტრს. აუფეთქებელი ბომბების სტანდარტული წილი დაახლოებით 2% იყო, რის გამოც აღნიშნულ რაიონში 400-მდე აუფეთქებელი ბომბი რჩებოდა, რაც სამოქალაქო პირებისა და საკუთარი ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

2006 წელს M270-ს ჩაუტარდა განახლება, რამაც მართვადი რაკეტების გაშვების საშუალება მისცა. 2006 წლის მარტში დაჩქარებულად დასრულდა XM31 მართვადი უნიტარული გასროლის გამოცდის I ფაზა. სასწრაფო საჭიროების გამო იგი მალევე მიიღეს შეიარაღებაში და ერაყის ომშიც გამოიყენეს. ასევე, Lockheed Martin-ს დაუკვეთეს M30 კლასტერული რაკეტების გადაკეთება XM31 უნიტარულ ვარიანტებად.

M31 მართვადი რაკეტების გამოყენებამ M270 წერტილოვანი დარტყმის სისტემად აქცია. GPS-ზე დაფუძნებული მართვის სისტემის და ერთი 91 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური ქობინის მქონე M31 მიზანს მაღალი სიზუსტით ხვდება და სასურველ ეფექტს ნაკლები რაოდენობის რაკეტები სჭირდება, რაც ამცირებს როგორც თანმდევ ზიანს, ისე ლოგისტიკურ საჭიროებებსაც. უნიტარულმა ქობინებმა ზალპური სისტემის ურბანულ გარემოში გამოყენების შესაძლებლობაც წარმოშვა. M31-ს ორ რეჟიმზე მომუშავე ამფეთქი ჰქონდა: წერტილოვანი დეტონაციისა შეუჯავშნავი მიზნების, ხოლო შეყოვნებული დეტონაციისა მსუბუქად შეჯავშნული ბუნკერების გასანადგურებლად. მის გაუმჯობესებულ, M31A1 ვერსიას უკვე მრვალრეჟიმიანი ამფეთქი აქვს დამატებით საჰაერო დეტონაციისთვის, რაც ღიად განლაგებულ ცოცხალ ძალაზე განსაკუთრებით ეფექტურია. საჰაერო აფეთქების სიმაღლე 3-დან 10 მეტრამდე მერყეობს. მართვადი რაკეტების სროლის მინიმალური მანძილი 15 კილომეტრია, მაქსიმალური კი 70 კილომეტრს აღემატება; რაკეტა დაცემისას 2.5 მახ სიჩქარეს ავითარებს.

გერმანული საარტილერიო სისტემა, სახელწოდებით „საარტილერიო ქვემეხის მოდული“ (გერმ. Artillerie-Geschütz-Modul), შექმნის პროცესში M270-ის შასის იყენებდა.

2012 წელს გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც უნდა გაუმჯობესებულიყო M270-ის ჯავშანი და ცეცხლის მართვის სტანდარტი უნდა მიახლოვებოდა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (High Mobility Artillery Rocket System, HIMARS) სტანდარტებს. 2015 წლის ივნისში საცდელი სროლები ჩაატარა M270A1 ტიპის დანადგარმა, რომლის ფანჯრები და კაბინა „გაუმჯობესებული შეჯავშნული კაბინის“ (Improved Armored Cab) პროექტით დამატებითი დაცვით იყო აღჭურვილი.

2021 წლის მარტის დასაწყისში Lockheed-მა განაცხადა მართვადი რაკეტის გაუმჯობესებული ვარიანტის გამოცდის შესახებ, რომელმაც 80 კილომეტრს მიაღწია. პროექტი, საბოლოო ჯამში, 227 მმ-იანი რაკეტის მაქსიმალური მანძილის 150 კილომეტრამდე გაზრდას ითვალისწინებს. იმავე თვეში გაზრდილი მანძილის მართვადმა რაკეტამ (Extended Range GMLRS) 135 კილომეტრს მიაღწია.

იხ. ვიდეო Watch this Crazy Video Extremely Powerful M270 MLRS Massive Live Firing in Action - The M270 Multiple Launch Rocket System (M270 MLRS) is an armored, self-propelled, multiple rocket launcher; a type of rocket artillery.


Since the first M270s were delivered to the U.S. Army in 1983, the MLRS has been adopted by several NATO countries. Some 1,300 M270 systems have been manufactured in the United States and in Europe, along with more than 700,000 rockets. The production of the M270 ended in 2003, when a last batch was delivered to the Egyptian Army. 



გამოყენების ისტორია

M270 მრავალეროვნული წვრთნების დროს, სამხრეთ კორეა, 2015

აშშ არმიაში მიღებისას M270 შერეული ბატალიონის შემადგენლობაში გამოიყენებოდა. აღნიშნული ტიპის ბატალიონები შედგებოდა ტრადიციული არტილერიის (ჰაუბიცების) ორი ბატარეის და ზალპური ცეცხლის სისტემების ერთი ბატარეისგან. პირველი ზალპური ცეცხლის ბატარეა იყო მე-8 ქვეითი დივიზიონის მე-16 საველე საარტილერიო პოლკის მე-3 ბატალიონის C ბატარეა (ბაუმჰოლდერი, გერმანია, 1982). პირველი ორგანული, მთლიანად M270-ებით დაკომპლექტებული ბატალიონი 27-ე საველე საარტილერიო პოლკის მე-6 ბატალიონი იყო.

აღნიშნული მე-6 ბატალიონი 1984 წლის 1 ოქტომბერს არმიის პირველ ზალპური ცეცხლის ბატალიონად გადაკეთდა, მეტსახელად „Proud Rockets“ („ამაყი რაკეტები“). 1990 წლის მარტში ქვედანაყოფი ნიუ-მექსიკოში, უაით სენდზის სარაკეტო პოლიგონზე გადაისროლეს, სადაც საარმიო ტაქტიკური სარაკეტო სისტემის საწყისი ოპერატიული გამოცდა და შეფასება უნდა ჩატარებულიყო. გამოცდის წარმატებით დასრულების შედეგად არმიამ მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალება მიიღო.

სპარსეთის ყურის ომი

1990 წლის 2 სექტემბერს 27-ე პოლკის მე-6 ბატალიონი საუდის არაბეთში, ოპერაცია „უდაბნოს ფარის“ მხარდასაჭერად გადაისროლეს. ქვედანაყოფი XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის არტილერიას მიაკუთვნეს და მან კრიტიკული როლი ითამაშა საუდის არაბეთის თავდაპირველ დაცვაში. როდესაც „უდაბნოს ფარი“ „უდაბნოს ქარიშხლად“ გადაიქცა, მე-6 ბატალიონი პირველი ამერიკული საველე საარტილერო ქვედანაყოფი აღმოჩნდა ერაყში. ომის განმავლობაში ბატალიონი დროული და ზუსტი სარაკეტო საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდა საომარ თეატრში მყოფ ორივე ამერიკულ კორპუსს, 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიონს, ფრანგულ მე-6 მსუბუქად შეჯავშნულ დივიზიონს, 1-ლი ქვეითი დივიზიონის 1-ლ ჯავშანსატანკო პოლკს, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონს და 24-ე მექანიზებულ ქვეით დივიზიონს.

1990 წელს ტეხასის ფორტ ჰუდიდან ყურეში გადაისროლეს 92-ე საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა. იმავე წლის აგვისტოში ფორტ ბრეგიდან მას შეუერთდა 27-ე პოლკის მე-3 ბატალიონი, ხოლო სექტემბერში ოპერაცია „უდაბნოს ფარის“ მხარდასაჭერად 1-ლი საკავალერიო დივიზიონის 21-ე საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა ჩავიდა. 1990 წლის დეკემბერში გერმანიიდან გადაისროლეს მე-3 ჯავშანსატანკო დივიზიის მე-40 საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა (ჰანაუ), 41-ე საველე საარტილერიო ბრიგადას მიკუთვნებული 27-ე პოლკის 1-ლი ბატალიონი (ბაბენჰაუზენი) და 27-ე პოლკის მე-4 ბატალიონი (ვერტჰაიმი), ხოლო ოკლაჰომას ეროვნული გვარდიის 158-ე საველე საარტილერიო პოლკის 1-ლი ბატალიონი მათ 1991 წლის იანვარში შეუერთდა.

M270 გამშვები დანადგარი (მარჯვნივ), დამტენი (მარცხნივ) და მართვის პუნქტი, რომელიც M577 საკომანდო მანქანაშია განთავსებული (უკან).

ოპერაციაში „უდაბნოს ქარიშხალი“ სულ 89 ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემა იყო ჩართული. მათი პირველი გამოყენება 1991 წლის 18 იანვარს მოხდა, როცა მე-6 ბატალიონის A ბატარეამ ერაყელთა მიწა-ჰაერის სისტემების მიმართულებით 8 ერთეული 610 მმ ტაქტიკური რაკეტა (ATACMS) გაუშვა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს სამმა ბატარეამ 24 სხვადასხვა მიზანზე 287 ერთეული რაკეტა 5 წუთზე ნაკლებ დროში ისროლა. მსგავსი საცეცხლე ზემოქმედებისთვის ლულიანი არტილერიის ბატალიონს საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა. 1991 წლის თებერვლის დასაწყისში, ღამით, 27-ე პოლკის მე-4 ბატალიონმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ზალპური ცეცხლის ოპერაცია აწარმოა. ერთი ამოცანის განმავლობაში ქვედანაყოფმა 312 რაკეტა ისროლა. 1991 წლის 24 თებერვალს სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, რის შემდეგაც, აშშ VII კორპუსის მხარდასაჭერად 414 რაკეტა გაუშვეს. ომის ბოლომდე, მთლიანობაში, დაახლოებით 57,000 საარტილერიო გასროლა განხორციელდა, საიდანაც 6,000 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტა, ხოლო 32 ერთეული 610 მმ-იანი ტაქტიკური რაკეტა (ATACMS) იყო.

სხვა ოპერაციები

საპარსეთის ყურის ომის შემდეგ M270 არაერთ სამხედრო ოპერაციაში გამოიყენეს, მათ შორის იყო ერაყში შეჭრა 2003 წელს. 2007 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში, კერძოდ, ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად ერთი ოცეული გაგზავნა. ისინი ახლადშექმნილ მართვად რაკეტებს იყენებდნენ.

მართვადი რაკეტები პირველად 2005 წლის სექტემბერში, ერაყში გამოიყენეს. ორი 227 მმ-იანი რაკეტა ტალ-აფარში, 50 კილომეტრის სიშორეზე განლაგებულ მეამბოხეთა პოზიციებზე გაუშვეს, რასაც 48 ერაყელი მებრძოლი შეეწირა.

2011 წლის აპრილში იდარ-ობერშტაინში მდებარე გერმანიის არმიის საარტილერიო სკოლას მოდერნიზებული MLRS II და M31 მართვადი რაკეტები გადაეცა. ამ ტიპის რაკეტებს გერმანიის არმია 90 კილომეტრამდე რადიუსში იყენებს.

                                    ვარიანტები

ბრიტანული M270 კემპ ბასტიონში, ავღანეთი, 2008
ბრიტანული M270 გასროლის მომენტში, ოტერბერნის საწვრთნელი რაიონი, 2015
გერმანული არმიის კუთვნილი M270. მისი გერმანული დასახელებაა Mittleres Artillerieraketensystem (MARS) —საშუალო კალიბრის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა.
  • M270 — თავდაპირველი ვერსია, შეიარაღებული 12 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტით, რომლებიც ორ ექვსრაკეტიან პაკეტშია გადანაწილებული. ეს შეჯავშნული, მუხლუხიანი გამშვები სისტემა „ბრედლის“ შასის იყენებს და რთულ რელიეფზე მაღალი გამავლობით გამოირჩევა.
  • M270 IPDS — შუალედური განახლება, რომელიც რამდენიმე გამშვებს შეეხო, რათა მათ შორ მანძილზე მოქმედი, ATACMS Block IA ტიპის მართვადი ტაქტიკური რაკეტების, უნიტარული და Block II რაკეტების გასროლა შესძლებოდათ, ვიდრე საკმარისი რაოდენობის M270A1 ვარიანტები დამზადდებოდა.
  • M270A1 — 2005 წლიდან აშშ არმიაში, ხოლო მოგვიანებით, სხვა ქვეყნებში დაწყებული განახლებების შედეგი. გამშვები დანადგარი გარეგნულად M270-ის იდენტურია, თუმცა, გააჩნია გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემა (IFCS) და გაუმჯობესებული გამშვები მექანიკური სისტემა. ეს მნიშვნელოვნად ზრდის სწრაფსროლას და ახალი ტიპის, მათ შორის, მართვადი რაკეტების გასროლის საშუალებას იძლევა.
  • M270B1 — ბრიტანული განახლება, A1-ის მსგავსი, თუმცა, გააჩნია დამატებითი ჯავშანი, რომელიც გათვლას ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებებით თავდასხმისგან უკეთ იცავს.
  • M270C1 — Lockheed Martin-ის მიერ შემოთავაზებული განახლება, რომელშიც M270A1-ის გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემა (IFCS) უნდა ჩანაცვლებულიყო M142 HIMARS-ის უნივერსალური ცეცხლის მართვის სისტემით (UFCS).
  • MARS2 / LRU — M270-ის ევროპული განახლება, რომელიც გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის შეკვეთით დამზადდა. MARS2 აღჭურვილია ცეცხლის მართვის ახალი სისტემით (EFCS - European Fire Control System, ევროპული ცეცხლის მართვის სისტემა), რომელიც Airbus Defense and Space-მა შექმნა. სისტემა დანადგარს საშუალებას აძლევს, გაუშვას M31, M31A1, M32, AT2 და 110 მმ-იანი რაკეტები, მაგრამ არა M26, M26A1 და M30, რათა არ დაირღვეს შესაბამისობა კლასტერული შეიარაღების კონვენციასთან.
  • M270D1 — მოიცავს ცეცხლის მართვის ახალ სისტემას, რომელიც GPS-ით მართვადი რაკეტებისა და ტაქტიკური რაკეტების გაშვების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვერსია აღჭურვილია ახალი კომპიუტერით, ადგილმდებარეობის განსაზღვის მოწყობილობით, GPS ანტენით, გაშვების მართვის სისტემით, დისპლეებით და დისტანციური მართვის მოდულით. ამჟამად მხოლოდ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბაჰრეინის და ფინეთის შეიარაღებაშია.

HIMARS

HIMARS-ი უაით სენდზის სარაკეტო პოლიგონზე, 2005 წლის იანვარი

M142 მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, HIMARS) მსუბუქი სარაკეტო გამშვები დანადგარია, რომელიც 1990-იან წლებში ამერიკის არმიისთვის შეიქმნა. იგი დამაგრებულია სტადარტული M1140 სატვირთოს შასიზე.

HIMARS-ის შეიარაღება შედგება 6 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტის ან 1 MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტისგან. მისი შეიარაღება სრულად ემთხვევა M270-ის სტანდარტულ საბრძოლო მასალას, თუმცა, მისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი პაკეტი აქვს და აღჭურვილია გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით. HIMARS-ი M270-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაც.

                               საბრძოლო მასალა

„ფოლადის წვიმა“ („Steel Rain“) — M77 ტიპის მცირე ზომის ბომბები, რომლებიც ჩატვირთულია M26 ტიპის რაკეტაში, თითოეულში 644 ცალი. M77-ის წინამორბედია საარტილერიო ჭურვებისთვის განკუთვნილი M483A1.

M270-ის სისტემას შეუძლია ზალპური ცეცხლის მართვადი და უმართავი რაკეტების გაშვება, რომლებსაც რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა მწარმოებელი აწარმოებს. მათ შორისაა:

  • M26 (აშშ): კლასტერული რაკეტა 644 ცალი M77 ტიპის მცირე ზომის ბომბით, სროლის მანძილი 32 კმ.
    • M26A1 (აშშ): გაუმჯობესებული მანძილის მქონე რაკეტა, რომელშიც ჩატვირთულია 518 ერთეული M85 ტიპის ბომბი (M77-ის გაუმჯობესებული ვარიანტი). სროლის მანძილია 45 კილომეტრამდე.
    • M26A2 (აშშ): იგივეა, რაც M26A1, მაგრამ იყენებს M77 ტიპის ბომბებს. გამოიყენებოდა შუალედურ პერიოდში, M85-ის შეიარაღებაში მიღებამდე.
    • ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი: Boeing-მა და Saab Group-მა მოახდინეს 110 კგ-იანი საავიაციო ბომბის მოდიფიცირება და აღჭურვა სარაკეტო ძრავით, რაც იძლევა მათი სახმელეთო დანადგარებიდან, მათ შორის, M270-დან გაშვების საშუალებას. მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნების არმიებმა კლასტერული საბრძოლო მასალის შეიარაღებიდან ამოღება დაიწყეს, კომპანიებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია M26 რაკეტების გადაკეთება ისე, რომ მათი გამოყენება აღნიშნული ბომბების გასაშვებად მოხდეს.
  • M27 (აშშ): სრულიად ინერტული (ცარიელი) სასწავლო გამშვები პაკეტი/კონტეინერი დატენვის პროცესში გათვლის მოსამზადებლად.
  • M28 (აშშ): სასწავლო რაკეტა; M26, რომელშიც საბრძოლო მასალის ნაცვლად ჩატვირთულია სამი ბალასტის კონტეინერი და სამი საკვამლე კონტეინერი დაცემის ადგილის მოსანიშნად.
    • M28A1 (აშშ): შემცირებული მანძილის სავარჯიშო რაკეტა ბრტყელი თავით. მანძილი შემცირებულია 9 კილომეტრამდე.
  • XM29 (აშშ): რაკეტა, რომელშიც ჩატვირთულია ტანკსაწინააღმდეგო, „ჭკვიანი“ ბომბები (Sense and Destroy Armor, SADARM). არ არის სტანდარტიზებული.
  • M30 (აშშ): მართვადი რაკეტა. სასროლი მანძილი 60 კილომეტრზე მეტია, მასში ჩატვირთულია 404 ერთეული M85.
    • M30A1 (აშშ): მართვადი რაკეტა ალტერნატიული ქობინით. მასში მცირე ზომის ბომბების ნაცვლად ჩატვირთულია ვოლფრამის ბურთულები, რაც იწვევს სასურველ ეფექტს აუფეთქებელი ნარჩენი საბრძოლო მასალის გარეშე.
  • M31 (აშშ): მართვადი უნიტარული რაკეტა. შექმნილია M30-ის ბაზაზე და აქვს 90 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური ქობინი. განკუთვნილია ურბანულ სივრცეში და მთიან რელიეფზე გამოყენებისათვის.
    • M31A1 (აშშ): M31-ის გაუმჯობესებული ვარიანტი.
  • GMLRS-ER (აშშ): მართვადი რაკეტა 150 კილომეტრამდე გაზრდილი მოქმედების რადიუსით. რაკეტები იყენებს მცირედით გაზრდილ ძრავს და სამართავ კუდს, თუმცა, მათი საერთო ზომა გაზრდილი არაა და ერთ პაკეტში კვლავ 6 ეტევა. ექნება როგორც უნიტარული, ისე ვოლფრამის ქობინები. მათი გამოცდა 2021 წლის განმავლობაში, ხოლო წარმოება 2022 წლიდან იგეგმება.
  • M32 SMArt (გერმანია): M30-ის ვარიანტი, რომელშიც Diehl Defence-მა 4 ერთეული SMArt-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ბომბი ჩატვირთა და აღჭურვა ფრენის ახალი პროგრამით. განხორციელდა მისი დემონსტრაცია, მაგრამ შეკვეთა არ გაფორმებულა. M32 არაოფიციალური სახელია.
  • AT2 (გერმანია): დამზადებულია M26-ის ბაზაზე და გამოიყენება სამიზნე რაიონის დისტანციური დანაღმვისათვის. მასში ჩატვირთულია 28 ერთეული AT2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სროლის მანძილია 38 კილომეტრი.
  • 110 მმ-იანი რაკეტა (გერმანია): მოძველებული LARS2 სისტემის 110 მმ-იანი რაკეტა, რომელსაც საწვრთნელი მიზნებისთვის იყენებენ. საჭიროებს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მისთვის განკუთვნილ 6 რაკეტიან პაკეტს მოიცავს.
M270 ტაქტიკური რაკეტა MGM-140 ATACMS-ის გაშვების მომენტში
  • M39 (MGM-140) (აშშ): საარმიო ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS). დიდი ზომის (610 მმ) მართვადი რაკეტა სხვადასხვა ტიპის ქობინებით. M270-ს შეუძლია 2 ერთეული ტაქტიკური რაკეტის გაშვება.
  • XM135 (აშშ): რაკეტა ორმაგი მოქმედების ქიმიური ქობინით (VX ნერვული აგენტი). არ არის სტანდარტიზებული.

უკუინჟინერია

ამერიკის მხრიდან ტექნოლოგიების გაზიარებაზე უარის გამო, თურქეთმა, რომელსაც M26 რაკეტების მარაგის მოპოვება აშშ-თან შეთანხმების გარეშე სურდა, დაიწყო M26 რაკეტების უკუინჟინერია SAGE 227 პროექტის სახით. ამ დროს შეიქმნა A/B/C/D ტიპების საშუალო სიშორის შერეული საწვავის მქონე რაკეტები და SAGE-227 F ექსპერიმენტული მართვადი რაკეტა.

  • თურქეთის დროშა თურქეთი PARS SAGE-227 F (თურქეთი): ექსპერიმენტული მართვადი რაკეტა, რომელიც თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭომ შექმნა M26 რაკეტების ჩანაცვლების მიზნით.
იხ. ვიდეო - M270 MLRS — тактический «огненный шторм»


ისრაელი

ისრაელი M270-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს იყენებს, სახელწოდებით „მენატეც“, რომლისთვისაც საბრძოლო მასალას IMI Systems აწარმოებს.

  • TCS/RAMAM: შეუძლია ტრაექტორიის კორექტირება ფრენის დროს, რაც ზრდის სიზუსტეს.
  • Romach: GPS-ით მართვადი რაკეტა. სროლის მანძილია 35 კილომეტრი, გააჩნია 20 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი და მოხვედრების 10 მეტრზე ნაკლები ცდომილება.
  • Ra'am Eithan („ძლიერი ქუხილი“): TCS/RAMAM-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელშიც აუფეთქებელი ნარჩენი საბრძოლო მასალის წილი ძალზე მცირეა.
იხ. ვიდეო - Это американская РСЗО M270. - С тех пор, как первые M270 были поставлены в армию США в 1983 году, РСЗО были приняты на вооружение нескольких стран НАТО. Около 1300 систем M270 было произведено в США и Европе, а также более 700 000 ракет.







Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...