გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დააწინაურეს და მისცეს გენერლის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904–1905 წლებში იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
იხ ვიდეო
1918 წლის ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. გიორგი მაზნიაშვილმა მილიციის, პარტიზანული რაზმების და მოხალისეთა მობილიზების შედეგად გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა თურქებს მდ. ჩოლოქთან. 1918 წელს ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც ივნისის თვეში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან შემოჭრილ ძალებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.
იხ. ვიდეო
1918 წლის ოქტომბერში მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის ოლქის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო 1918 წლის ნოემბერში ის იყო საქართველო-სომხეთის ომის შულავერის ფრონტის სარდალი. 1919 წ. აპრილში იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წლის ოქტომბერში დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. 1921 წლის თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან.
1921 წელს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც „მოღალატეს“ და „სამშობლოს მტერს“ ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია.
გიორგი მაზნიაშვილი დასახლდა თავის მამაპაეულ სოფელ სასირეთში და ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ცნობილი ადამიანები მაზნიაშვილზე
გენერალი გიორგი კვინიტაძე მასზე წერდა:
| „გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის.“ |
ბათუმის ბრძოლის მონაწილე მსახიობი აკაკი ვასაძე იხსენებდა:
| „უფროსმა ლეიტენანტმა მაჭავარიანმა გვიბრძანა: სმენა! ოფიცრების თანხლებით გენერალი მაზნიაშვილი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, გასცა განკარგულება, თავისუფლადო. სამარისეული სიჩუმე ჩამოვარდა … განუყრელი, ხორკლიანი ბზის ჯოხით მძიმედ დააბიჯებდა ტანმორჩილი ჭაღარა გენერალი, თავისი უბრალოებით დავით კლდიაშვილს უფრო მოგაგონებდა, ვიდრე ჩვენს სხვა ახოვან გენერლებს. რაღაც შინაგანი ნებისყოფა გამოსჭვიოდა ამ უბრალო ჭაღაროსნიდან. წყნარად დაიწყო „დღეს, დილის ათ საათზე, საქართველოს ბოლშევიკური პარტიის თხოვნით და ჩემდამი რწმუნებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქმედი არმიის სახელით, ულტიმატუმი წარუდგინეს ოსმალეთის ჯარის სარდლობას, რომ ხვალ, ათი საათისათვის, მათ მიერ უკანასკნელად დაკავებული ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფი, კახაბერის სამხედრო სიმაგრეები დატოვონ და გავიდნენ მთლიანად ბათუმის ოლქიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხს აგებს ოსმალეთის ჯარის სარდლობა ამ თვითნებური ქმედებისათვის. იმედი მაქვს მხარს დამიჭერთ, მამულის შვილნო! თქვენი ვაჟკაცობა ისე არასდროს სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ახლა!“ – „დედა შეერთოს ცოლად იმასა, ვინც ამ საქმეში უკან დაიხიოს“ საოცარი ხმით დაიბუხუნა ქარქაშაძემ. ამ ბიჭის ხმამ ყველა აგვიყოლია და ერთხმად დავიგრიალეთ: ვაშაა!!!“ |
შალვა მაღლაკელიძე ასე იხსენებდა გენერალთან შეხვედრას მეტეხის ციხეში:
| „მოვიდა ცნობა, რომ სარდაფში ვიღაც კაცი წევს მიწაზე. მესამე დღეს ამოიყვანეს მაზნიაშვილი, ყოლიათ განსაკუთრებულ პირობებში, ჩვენ არ ვიცოდით, მოიყვანეს საწყალი, დაჭრილი, განადგურებული კაცი თავის მკლავზე წევს, ცარიელი ძვალი და ტყავია, ლაპარაკიც კი არ შეუძლია .. პატარა ტანის, შავგვრემანი, ნამდვილი ქართველი კაცი თავის ლაპარაკით, თუმცა რუსულს ურევდა. სამხედრო აკადემია არ დაუმთავრებია, მაგრამ როგორც ვაჟკაცი, როგორც ნამდვილი ჯარისკაცი – კლასიკური ჯარისკაცი იყო იმ გაგებით, ფიცის შემსრულებელი, და ნამდვილად ემსახურებოდა იმ რეჟიმს, რაც იმ დროში ღირსებად ითვლებოდა და ახლა ყველაფერი დახურდავებული და შეცვლილია. თურმე თვეობით აქ აგდია, კაცი ცოცხლად დაუსაფლავებიათ. მე პოლიტიკურებს ვეძებ აქ მოსაყვანად და თურმე აქ ლპება კაცი, მაზნიაშვილი, ამხელა დამსახურება რომ აქვს სამშობლოს წინაშე. მისი ასეთი ყოფა პეტროსიანცის დამსახურებაა. მაზნიაშვილი რომ მოსულიერდა, ჩვენთან საერთო საკანში წავიყვანე ტუსაღების შესარჩევად ჩემთან ერთად, რადგან სამხედროებს ის უფრო კარგად იცნობდა.“ |
რეკლამა - მომზადება ვოკალში - პროფესიონალი მომღერალი ოპერის სოლისტი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით, სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77, 5977 872 64
ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი, თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება, აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949
Комментариев нет:
Отправить комментарий